სხდომაზე

სხდომაზე "ალანიას" მფლობელების გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მათ იძულებით წესით მიიყვანენ

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

საგამოძიებო კომისიაში დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეებს - დიმიტრი ქიტოშვილსა და გიორგი არველაძეს მოუსმინეს.

დღესვე დაგეგმილი იყო ტელეკომპანია "ალანიას" მფლობელების დაკითხვაც, თუმცა არც ერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა.

ხიდაშელის განცხადებით, კომისიამ ისინი განმეორებით 3 ოქტომბერს დაიბარა და თუ კვლავ არ გამოცხადდებიან, კომისია უფლებამოსილია, კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და "ალანიას" მესაკუთრეები კომისიის სხდომაზე იძულების წესით მიიყვანოს.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი სხდომა ძირითადად, მარეგულირებლის 2004-2009 წლების საქმიანობას შეეხო.

"გამოჩნდა, რომ სახეზე იყო დისკრიმინაციული მიდგომა. თუ ახდენდნენ ერთი კომპანიის სანქცირებას, საერთოდ ვერ ხედავდნენ მეორე კომპანიის დარღვევებს. რატომ - ამაზე პასუხი არ არის. ეს დისკრიმინაციული მიდგომა იყო, დაწყებული კომისიის წევრებს შორის, დამთავრებული ტელევიზიებით, სიხშირეების ჩამორთმევით, მინიჭებით და ასე შემდეგ. კანონი უნდა იყოს სამართლიანი და ყველასთვის სამართლიანად უნდა მოქმედებდეს. კანონს არ უნდა ჰყავდეს მსხვერპლები და ფავორიტები", - განაცხადა ხიდაშელმა.