ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული სამეზობლო რეგიონის დირექტორატის ხელმძღვანელთან ვილნიუსის სამიტზე ისაუბრა

ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული სამეზობლო რეგიონის დირექტორატის ხელმძღვანელთან ვილნიუსის სამიტზე ისაუბრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული სამეზობლო რეგიონის დირექტორატის ხელმძღვანელ მიშელ კოლერსა და განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ქვედანაყოფის ხელმძღვანელ ანდრეა ფონტანასთან შეხვედრაზე ვილნიუსის სამიტის შესახებ ისაუბრა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, ასოცირების შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პარაფირებული იქნება ვილნიუსის სამიტზე. შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ამ გადაწყვეტილებას, რომ მოქმედი ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე მოხდება ასოცირების შეთანხმების და მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა.

პეტრიაშვილის შეფასებით, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, პრინციპით - "მეტი მეტისთვის" ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს და გააძლიეროს საქართველოს დახმარება.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლების განმავლობაში საქართველო, მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს იმ პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით, რომელიც შეთანხმდა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის.

"ეს დახმარება, პირველ რიგში, ეხება საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან, ეს რეფორმები, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა არის მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.