ნინო ბურჯანაძე:  ეს არის სამარცხვინო კვლევა

ნინო ბურჯანაძე: ეს არის სამარცხვინო კვლევა

ეს არის სამარცხვინო კვლევა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს. "პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო კვლევა. მე ვთვლი, რომ "ენდიაის" საქართველოს ბიუროს უნდა ჰყოფნოდა იმდენი გონიერება, რომ მას შემდეგ რაც შარშან ამ დროს არჩევნებამდე დადო კვლევა 40%–იანი ცდომილებით, როდესაც გვიმტკიცებდა, რომ პირველ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" 70%–ით, მეორეზე თარგამაძე 30%–ით და ბიძინა ივანიშვილი ლამის საერთოდ არ იყო ამ კვლევებში, ამ სამარცხვინო კვლევების შემდეგ იგივე შეცდომა არ დაეშვა", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

მისივე შეფასებით, ეს უკვე აღარ არის შეცდომა, ეს არის "ენდიაის" გამიზნული პოლიტიკა, რომ საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას.

"მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან მაშინ ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ მარგველაშვილი გავიდეს პირველ ადგილზე, ხოლო ბაქრაძე - მეორეზე. ტოტალურ გაყალბებას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მე მინდა გავაფრთხილო "ენდიაი" და დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გააცოცხლონ მათი მონა "ნაციონალური მოძრაობა" და ისევ მოასვან ისინი ქართველ ხალხს თავზე, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი", - მიაჩნია ბურჯანაძეს.

მისივე თქმით, ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს და დასავლეთის მიმართ განწყობები ქვეყანაში რადიკალურად ნეგატივისკენ შეიცვლება. "მე ვაფრთხილებ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ნუ აკეთებენ ამას", - დასძინა მან.