ყველამ უნდა დაინახოს ვინ არიან ამორალური ეკონომიკის შემქმნელი ადამიანები, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან

ყველამ უნდა დაინახოს ვინ არიან ამორალური ეკონომიკის შემქმნელი ადამიანები, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან

პოლიტიკური დებატები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეს, უაზრობაა, მაგრამ ეს საჭიროა საზოგადოებისთვის , - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმცირესობის მოთხოვნით პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის გადაწყვეტილებას. 

1-ელ ოქტომბერს დანიშნულ დებატებთან დაკავშირებით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მას "ნაციონალურ მოძრაობასთან" სადებატო არაფერი აქვს. 

"რომელ ეკონომიკურ პარამეტრებზე უნდა ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ეკონომიკა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას ანგრევდა, ბიზნესს ძარცვავდა, კერძო საკუთრებას ხელყოფდა და ყველა ფუნდამენტურ ღირებულებას, რაც ეკონომიკასა და ბიზნესს განავითარებს, არღვევდა. მათთან დებატებს აზრი არა აქვს, მაგრამ ისევ და ისევ იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს ინტერესი, იმიტომ, რომ საზოგადოებას დავანახოთ როგორ დიამეტრალურად შემოტრიალდა ყველაფერი, რა იყო სიყალბე და რა არის რეალობა, ჩავთვალეთ - ასეთი დებატები გაიმართოს.

საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ვინ არიან ეს პოპულისტი, უზნეო და ამორალური ეკონომიკის შემქმნელი ადამიანები, რომლებიც დღეს ჭკუას გვასწავლიან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკა", - აცხადებს დავით საგანელიძე. 

პარლამენტმა, უმცირესობის მოთხოვნა, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, მიიღო და კენჭისყრით მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, დებატები 1-ელ ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.