გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ტრენინგი იმართება

გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ტრენინგი იმართება

აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგები იმართება. სემინარი დღეს გაიხსნა და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გაუძღვებიან. 

"დღეს ჩვენ გვაქვს ტრენინგი გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის. აქ არ მოვსულვარ როგორც იუსტიციის მინისტრი, არამედ როგორც ჩვეულებრივი ტრენერი, რომელიც 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში კითხულობდა პროკურორების შუამდგომლობებს და წერდა გადაწყვეტილებებს, სადაც ეწერა, რომ პროკურორებმა დაარღვიეს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, რომელიც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას ეხება. ტრენინგის პირველი ნაწილის ფარგლებში პროკურორებისა და გამომძიებლებისაგან დაკომპლექტებულ 25-კაცამდე ჯგუფს ავუხსნით, თუ როგორი არ უნდა იყოს პროკურორის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შესახებ", - განუცხდა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სემინარის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, ტრენინგის მეორე დღეს, ხვალ უკვე განიხილავენ იმას, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ამგვარი შუამდგომლობები, რომ პროკურორებმა არ დაარღვიონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენცია.