რიჩარდ ნორლანდი:  გაერო-ში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ძლიერი იყო

რიჩარდ ნორლანდი: გაერო-ში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ძლიერი იყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრეზიდენტის შეშფოთებამ საზღვრების გავლების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ელჩის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება იმ შესაძლო შეცდომების მიმართ, რაც მისმა მთავრობამ დაუშვა, ღირსშესანიშნავი განცხადება იყო.
"მქონდა საშუალება, მენახა პრეზიდენტის გამოსვლის სტენოგრამა და მოგახსენებთ, რომ ეს იყო ძლიერი გამოსვლა. ორმა გარემოებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. პირველ რიგში, პრეზიდენტის შეშფოთებამ საზღვრების გავლების მიმდინარე პროცესმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში. ამის შესახებ მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. გუშინაც აღვნიშნე, რომ ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლებელი იქნება გონივრული გამოსავალი მოინახოს ამ მდგომარეობიდან. მივაქციე ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება. გამოსვლის ბოლოსკენ პრეზიდენტმა ისაუბრა იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაუშვა. მან სრული პასუხისმგებლობა იკისრა დაშვებული შეცდომების გამო, გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ მისი მთავრობის შეცდომების გამო შესაძლოა, ვიღაც დაზარალდა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მოღვაწისგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი განცხადება იყო. შეგახსენებთ, თომას ჰამერბერგის შეფასებას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ზარალი მიადგათ, უნდა ჰქონდეთ საშუალება, მათი საქმეები სამართლიანად იქნეს გამოძიებული", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკის ელჩი საქართველოს პატრიარქთან მის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

"მინდა გამოვეხმაურო ცოტა ხნის წინანდელ ჩემს შეხვედრას საქართველოს პატრიარქთან. მან აღნიშნა, რომ ქართულ კულტურაში არსებობს პატიების რელიგიური ტრადიცია და ვფიქრობ, ახლა არის ის დრო, როცა ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავიხსენოთ. შეერთებული შტატები გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას სამართლიანი სასამართლოს განმტკიცების საქმის მიმართ, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, მათ თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.