მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს

მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს "ქართველი ხალხის ხმის გაგონება" სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს "ქართველი ხალხის ხმის გაგონება" სთხოვა.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგენდე ჩემს საყვარელ ქვეყანას. გასული ათწლეულის განმავლობაში, როდესაც პატივი მქონდა მომემართა ამ დარბაზისთვის, საქართველო არშემდგარი ქვეყნიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ჩვენ განვიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, გვქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ. დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ იმ ხალხის ხმა, რომლის თავისუფლების სიყვარულიც ყველანაირ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ სხვაობებზე მაღლა დგას. ხმა, რომელიც - ჩვენს წინაშე კვლავაც არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად - სავსეა იმედით. ვუცქერ რა დღევანდელ მსოფლიოს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმედის ხმა ნამდვილად საჭიროა", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ასამბლეის სესიის მონაწილეებს.

მისივე შეფასებით, 1990-იანი წლების დასაწყისის ოპტიმიზმი, როდესაც ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება ბუნებრივად გვეჩვენებოდა, როცა ითქვა, რომ ეს "ისტორიის დასასრული" იყო, როცა გაერო უნდა გამხდარიყო საბოლოოდ დამშვიდებული მსოფლიოს გული და სული, პესიმიზმისა და ცინიზმის ტალღამ წალეკა.
"მსოფლიოში მშვიდობამ არ დაისადგურა. გაერო კი არ გახდა გაერთიანებული ერების გული და სული. ერთ დროს ტრიუმფატორი დასავლური ცივილიზაცია დღეს ცდილობს გაუმკლავდეს ღრმა ეკონომიურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისს.

აღმოსავლეთ ევროპაში, ე.წ. ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ. ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა. იმედგაცრუებისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ რამდენად გამართლებულია 90-იანი წლების დოგმატური ოპტიმიზმის ასეთივე დოგმატური პესიმიზმით ჩანაცვლება და ყოველგვარი იმედის გაცრუება?

განა იმ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება ტიტანურ ბრძოლას მოითხოვს უნდა გვაიძულოს ჩვენი რწმენის და პრინციპების უარყოფა? მე დღეს აქ მოვედი, რათა გაგიზიაროთ ჩემი ხალხის იმედები და ხმა ავიმაღლო ამ პესიმიზმისა და უიმედობის წინააღმდეგ. მე მოვედი, რათა მივმართო მათ, ვისაც ეეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს. თუკი დასავლეთი "მოძველდა", მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატო-ში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი თუ სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე? თუკი თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა?", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით _ ისტორია არ დასრულებულა 1989 თუ 1991 წლებში და ის არასდროს დასრულდება.

"თავისუფლება კვლავაც წარმოადგენს მის მამოძრავებელ ძალას და ჰორიზონტს. ყველგან, სადაც ადამიანებს სურთ თავისუფლების პირობებში ცხოვრება მათ უპირისპირდებიან ტირანიის ძალები. საკითხავი ისაა - რას ვაპირებთ? იმას, რომ ვიყოთ დაპირისპირების მონაწილენი თუ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ?", - მიმართა სააკაშვილმა სესიის მონაწილეებს.