მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დავუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დავუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე

ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეულით ამაყობს.

"ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელთაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია. ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა, ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლებიდანაც განვდევნეთ ბანდები. ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დავუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ტოლერანტობის სულისკვეთების ასაღორძინებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარსული დიდების დროს ყოველთვის წინ უძღოდა. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ გზაზე შეცდომებიც დაუშვეს და ზოგჯერ "ძალიან შორსაც წავიდნენ", თუმცა ყველა ნაკლოვანებაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას.
"მე მესმის რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა. ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით. ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს. მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანით ამაყობს.

"მსურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს - ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ - თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას. მსურს ვუთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს. ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლის მიმართ უდედესი მოწიწებით გაერთიანებულ ერად, ერად რომელიც იზიარებს ჭირსაც როცა იკარგება ჯარისკაცის სიცოცხლე და ამაყობს მათი სიმამაცით. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამაყობს თავისი ჯარისკაცებით. ისინი წინ აღუდგნენ ასჯერ უფრო მრავალრიცხოვან რუს დამპყრობელს და მოგვცეს დრო მსოფლიოსთან ერთად მოგვეხდინა მობილიზება და დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა, რაც 21-ე საუკუნეში ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს.

ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ერად რომელიც ერთიანია ისტორიული მიზნის მისაღწევად - თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახში შესაბიჯებლად, ოჯახში რომლისგან არასდროს უნდა განვეცალკევებინეთ - ჩვენს ოჯახში. რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის, მუხლჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას", - დასძინა სააკაშვილმა.