მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის განსხვევებებზე ისაუბრა

მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის განსხვევებებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის მონაწილეებს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის განსხვევებები აუხსნა.
"ევროპის კავშირი - ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება - აგებულია სამ საყრდენზე, რომელთაც სამი "უარყოფაც" შეგვიძლია ვუწოდოთ: პირველი: რადიკალური ნაციონალიზმის უარყოფა, რომელმაც ევროპა ორჯერ მიიყვანა კოლექტიურ თვითმკვლელობის ზღვარზე ორი მსოფლიო ომის სახითა და ნაციზმის საშინელებებამდე; მეორე: კომუნიზმის უარყოფა, რომლის გავრცელების საშიშროება იყო კონტინენტზე; მესამე - იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის უარყოფა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებს ამ მესამე უარყოფის მიღებისთვის დრო დასჭირდათ, მაგრამ კოლონიებზე უარის თქმა იყო მოდერნიზაციის და დემოკრატიის განვითარების, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის რეალური ხორცშესხმის ფასი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ევრაზიული კავშირი კი, მისი შეფასებით, დაფუძნებულია ზუსტად საპირისპირო პოსტულატებზე.

"იგი ეყრდნობა დაპირისპირებას, მას სათავეში უდგას ძველი "კაგებე"-ს სტრუქტურები და მიზნად ისახავს ძველი იმპერიის გაცოცხლებას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, ევრაზიულ კავშირში შესვლა ძალიან ადვილია.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, კოლონიად გახდომა სინამდვილეში საერთოდ არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას.

"არ არსებობს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტერიუმები. კოლონიად გახდომა სინამდვილეში საერთოდ არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას. პასიურობა და არაფრით არ გამორჩეულობა ერთადერთი კრიტერიუმია. მეორე მხრივ, ევროპის კავშირში, ანუ ნამდვილ გაერთიანებაში, მოხვედრას ტიტანური ძალისხმევა სჭირდება, რათა დაკმაყოფილდეს ზუსტი კრიტერიუმები, რომლებზეც დგას ევროპის კავშირი. ამდენად, მათ, ვისაც ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, მსურს ვუთხრა: სწორედ იმიტომაც, რომ ევროპის კავშირში გაერთიანება მოითხოვს ძალისხმევას და სერიოზული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას; სწორედ იმიტომ, რომ ევროპის კავშირი არ ცდილობს ჩვენს ჩაყლაპვას (როცა მეორე კავშირი სწორედ ამაზე ოცნებობს), ჩვენი არჩევანი ცხადზე ცხადია. ამავე დროს, ამ არჩევანის სიცხადის გასამყარებლად უკეთესი არგუმენტიც არსებობს. კერძოდ ის, რომ რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. დღევანდელ დღეს ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რუსული. თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის. ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა, როგორც პერიფერიაში ისე ცენტრებში. სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.