მიხეილ სააკაშვილი - ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი პუტინი მსოფლიოს ლექციას უკითხავს ღირებულებებსა და დემოკრატიაზე

მიხეილ სააკაშვილი - ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი პუტინი მსოფლიოს ლექციას უკითხავს ღირებულებებსა და დემოკრატიაზე

ჩვენს რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს მიერ მიღწეული წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას საკუთარი სახელიც აქვს: ევრაზიული კავშირი.


"ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედ რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს. ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს. ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი დრო და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. შეიძლება რაღაც მომენტში იფიქრო კიდეც, რომ მირაჟის მიღწევას ცდილობ - საფრთხეები უფრო პირდაპირია და ეგზისტენციალური; ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება; ამავე დროს, დაპირებები ბუნდოვანია და ასე შორს. ვინმე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ შეიძლება უბრალოდ დაიღალოს და იკითხოს: რატომაც არა - ევროკავშირს? დღეს, მე მსურს ავხსნა, სწორედ, რატომ - არა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პირველი პირის განმარტებით, საგარეო პოლიტიკისა თუ ალიანსების არჩევანზე მეტად, დღეს ჩვენი ქვეყნები მომავლის განმსაზღვრელი არჩევანის წინაშე დგანან.
"ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - თუკი მისთვის მისაღებია შიშისა და კრიმინალის პირობებში ცხოვრება; ცხოვრება ისეთ სამყაროში, სადაც განსხვავებულობა აღიქმება როგორც საფრთხე და უმცირესობები კი როგორც ჩაგვრის ობიექტები; სამყაროში, სადაც პოლიტიკური ოპონენტები განიცდიან შერჩევით სამართალსა ფიზიკურ შეურაცხყოფას; სამყარო, რომელსაც, ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან კარგად ვიცნობთ რადგან ჩვენ სწორედ იქ ვცხოვრობდით.


ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და, მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ "კაგებეს" ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვებიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ევროპული საზოგადოებებიც შორსაა სრულყოფილებისგან და იქაც შეხვდებით შიშს, ეჭვებს, სიბრაზესა და ზიზღსაც კი, მაგრამ იქ მერიტოკრატია ნეპოტიზმზე მაღლა დგას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტი კი ტოლერანტობაა.

"ამჟამინდელი ოპონენტები მომავალი მინისტრები არიან, რომელებსაც არც ციხეში სვამს ვინმე და არც ფიზიკურად უსწორდება. თუ კი ამგვარად შევხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისთვის არჩევანი იმდენად აშკარაა, რომ კრემლის ზოგიერთმა სტრატეგმა (რომლებიც საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგებს უწოდებენ) გადაწყვიტა საერთოდ გააუქმოს სიმართლე და უფრო მძაფრად გაავრცელონ ათასგვარი სიცრუე საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა თუ სხვაგან. ჩვენს ქვეყნებში ისინი, მეხუთე კოლონების საშუალებით, ნერგავენ სტერეოტიპს, რომლის ფარგლებში ევროპის კავშირი გაიგივებულია ოჯახის ფასეულობების, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველებთან და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თავს მოხვევასთან. უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის, გვესმის, რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებენ; და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია. და ბოლოს, - ვითომც არაფერი - გვესმის რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ. ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი? ნუთუ შეგვიძლია ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქროთ, რომ მათ პატივი მიეგებათ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს? ნუთუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება?", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა რიტორიკული შეკითხვით მიმართა გენერალური ასამბლეის მონაწილეებს - როცა ჩვენ ვისმენთ რუსი იმპერიალისტების მიერ ნამღერ მართლმადიდებლური ძმობის ყალბ მუსიკას, რატომ არ შეგვიძლია გავიგონოთ მათ მიერვე მოკლული პატრიარქ კირიონისა თუ ნაწამები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ხმები?

"ის მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ჟენევის კონფერენციას მიმართა და საკუთარ ქვეყანაში დამპყრობლების შეჭრა გააპროტესტა. დაკითხვისას, მან ეს სიტყვები წარმოთქვა: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, ჯალათებო!" ნუთუ ისე დავყრუვდით, რომ არ გვსურს გავიგოთ მათ მიერ მოკლული ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხმები? ნუთუ ისეთი გაუნათლებლები ვართ, რომ არ გვახსოვს ვინ გადაღება ჩვენი ტაძრები და წაშალა ჩვენი წმინდა ფრესკები? ნუთუ ისეთი ბრმები ვართ რომ ვერ დავინახოთ ჩვენი ტაძრების განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.