დღეს წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნება

დღეს წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.