მიხეილ სააკაშვილი - დღეს მოვედი ქართველი ხალხის სახელით და გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება, რათა დავასრულოთ ანექსია ჩვენს მიწაზე

მიხეილ სააკაშვილი - დღეს მოვედი ქართველი ხალხის სახელით და გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება, რათა დავასრულოთ ანექსია ჩვენს მიწაზე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისცა და დვანში არსებული ვითარების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეას ინფორმაცია მიაწოდა.
"გუშინ, ოკუპანტებმა დღისით, მზისით, სრულიად დაუსჯელად საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების განმავლობაში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას და მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.

"ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის (და ეს მეამაყება), რომელმაც გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან შემოტევას. ჩვენ ასევე ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ თავს დაგვესხა 5 ათას კაციანი ძლიერი რუსული არმია. მათ დაგვბომბეს 200 თვითმფრინავით, შემოგვიტიეს შავი ზღვის ფლოტით და ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლით. ყოველივე ამას გაუძლო ჩვენმა დამოუკიდებლობამ და სახელმწიფოებრიობამ. მოდით, ნუღარ დავაყენებთ რისკის ქვეშ მშვიდობას. ჩვენ გადავრჩით, რადგან ვიყავით ერთიანი და მხარში გვედგა მსოფლიო. იმედი მაქვს, მსოფლიო კვლავაც ჩვენს გვერდით დადგება, როდესაც ასეთ ზეწოლას კვლავ მიმართავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მივიდა ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას სთხოვს, ამ აგრესიაზე მოახდინოს მკაცრი რეაგირება, გაგვიწიოს დახმარება, დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე.

"ვლადიმერ პუტინის ზიზღი იმ მთავრობის მიმართ, რომლის მეთაურობის პატივი მე თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში მქონდა, არ არის განპირობებული პირადული ანტიპატიითა თუ კულტურული გაუგებრობით. ყველა მსგავსი ინტერპრეტაცია მხოლოდ და მხოლოდ შირმაა. ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე საბჭოთა ნომენკლატურის წრიდან გამოვიდა. იგი ხელისუფლებაში 90-იან წლებში რუსეთის პირდაპირი დახმარებით, სამხედრო გადატრიალების გზით დაბრუნდა. ჩემგან განსხვავებით, იგი კარგად იყო ცნობილი საკუთარი საბჭოთა დიპლომატიური უნარებით. ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთი მუდმივად ცდილობდა ძირი გამოეთხარა მისი ხელისუფლებისთვის და მასზე რამდენჯერმე თავდასხმაც მოაწყო. ეს ამბავი არ არის გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის შესახებ. რეალურად, სახელებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს ეხება. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტიტუტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვაგან - ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი. სწორედ ამიტომ მიიჩნიეს წარმატებული რეფორმებისა და ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობის ქართული გამოცდილება, ერთგვარ ვირუსად, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის "ინფიცირებას" მოახდენდა; ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკვოს ყველა შესაძლო საშუალებით. მაშინ, როდესაც ერთ დროს არშემდგარი, ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა გავხდით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთელ ევროპაში, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი - მსოფლიო ბანკის მიხედვით და საუკეთესო ადგილი ბიზნესის საკეთებლად.

სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია - ყველაფერი 2006 წლის შემდეგ", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომაა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის.