მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ

მიხეილ სააკაშვილი - როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ

რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი.

"ახლა, როცა მე აქ, თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან, გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას. სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირა არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული... რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა "საზღვარი" აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები - მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ. მე დღეს სწორედ ამ "განაპირა მხარეთა" სახელით ვსაუბრობ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, კრემლი ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი.

"მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, La langue de bois-ს ფანი, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს, ვთქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ. მოდით, ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია. როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება. ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია. არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ. მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას. როგორ გგონიათ, განაპირობა თუ არა ნარინჯისფერი რევოლუციის ძალების საარჩევნო მარცხმა მოსკოვის უკრაინისადმი დამოკიდებულების ცვლილება?

პირიქით. იანუკოვიჩის მთავრობა მუდმივი თავდასხმების ობიექტია. რუსეთმა ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, უკრაინის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო, რუსი თანამდებობის პირები კი ღიად საუბრობენ ამ სახელმწიფოს დაშლის პერსპექტივაზე. როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.