ხათუნა ლაგაზიძე: გაკვირვებას იწვევდა, რომ პრიორიტეტულ თემებზე არავინ საუბრობდა

ხათუნა ლაგაზიძე: გაკვირვებას იწვევდა, რომ პრიორიტეტულ თემებზე არავინ საუბრობდა

ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა საერთო ჯამში პოზიტიური და ნაყოფიერი იყო, თუმცა იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლებზეც საუბარიც აუცილებელი იყო, თუმცა ამ შეხვედრაზე არ მოხერხდა.

როგორც ლაგაზიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა დასმულიყო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში განვითარებული მოვლენები და რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების განახლების პროცესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები იყო, თუმცა აღნიშნულს საუბარი მინიმალურად შეეხო, რადგან დამსწრე ექსპერტებს განსახილველად ეს საკითხი არ დაუყენებიათ.

"ადრე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა, ექსპერტების აზრი პირდაპირ ეთერში არავის აინტერესებდა. რაც შეეხება პრემიერის კრიტიკულ მიდგომებს რიგ საკითხებთან, იგი ნებისმიერ შენიშვნაზე რეაგირებს და ეს ბუნებრივი იყო. ვიცი, რომ ამ შემთხვევაში ბევრისგან განსხვავებულ აზრს ვაფიქსირებ, მაგრამ ნამდვილად პოზიტიური იყო ეს შეხვედრა. გასულ წლებში, "ნაციონალური მოზრაობის" პირობებში თუ განსხვავებული აზრი გქონდა, დემოკრატიის და ქვეყნის მტრის იარლიყის მატარებელი აღმოჩნდებოდი. რეალურად ამ შეხვედრაზე ბევრი ისეთი საკითხი არ გაჟღერდა, რომელიც ექსპერტული საზოგადოების შხვედრაზე უნდა გაჟღერებულიყო. უმრავლესობა საკითხებისა არ დაისვა. გაკვირვებას იწვევდა ჩემი კოლეგებისგან, რომ პრიორიტეტულ თემებზე არავინ საუბრობდა და შევეცადე გამეჟღერებინა, რომ თუ სეპარატისტული რეჟიმის მიერ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გავლება საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების მიხედვით გაგრძლდებოდა, ასეთ შემთხვევაში, ბაქო-სუფსას ნავთობმაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი ხვდება ოკუპირებული ზონის მიღმა. ერთადერთი გამართლება ამისა ის არის, რომ თემები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, პრემიერმა ჩათვალა, რომ ამ ტიპის შეხვედრაზე არ უნდა ყოფილიყო განხილული,"- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.