მარიჩელ მატეუ პი - უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით ამჟამად უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოა

მარიჩელ მატეუ პი - უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით ამჟამად უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოა

ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით ამჟამად შექმნილია უფრო ღია და თანაბრად კონკურენტული საარჩევნო გარემო, - აღნიშნული შეფასება წინასაარჩენოდ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ გააკეთა.

ვიზიტის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიმართ მოქალაქეებს ექნებათ ნდობა და რომელიც ევროსაბჭოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

"ეს აღსანიშნავი მიღწევა იქნება ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ამ მიზნით, საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ, თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, რომ ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე საარჩევნო პროცესზე ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიცნონ საარჩევნო კამპანიიდან გამოვლენილი ყველა სავარაუდო დარღვევა. მკაცრი და თანაზომიერი სანქციები უნდა გატარდეს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული დარღვევები და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ მიმართულებით ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ.

მისივე თქმით, დელეგაცია კმაყოფილია, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი საარჩევნო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თაობაზე. "ახლა გადამწყვეტია აღნიშნული ცვლილებების ეფექტიანი განხორციელება, კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების უზრუნველყოფა, ასევე პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალობისათვის კონტროლის საკითხებთან მიმართებაში", - აღნიშნა მარიჩელ მატეუ პიმ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 32 კაციანი სადამკვირვებლო მისიით 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება.