"პირველად მოხდა, რომ ექსპერტები ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი აღმოვჩნდით"

ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ცხარე დისკუსიის რეჟიმში 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

"შეხვედრით კმაყოფილი ვარ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ უჩვეულო ფორმატი იყო. პირველად მოხდა, როდესაც შეხვედრაზე პასუხისმგებელი პირი იყო არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, არამედ ექსპერტებიც, ანუ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. შეიძლება, თვითკრიტიკად გამოვიდეს, თუმცა, სამწუხაროდ, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში საზოგადოებასთან მიმართებაში პასუხისმგებლობის სათანადო დონე ჩვენც არ გვქონდეს. მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კრიტიკოსების როლში. პირველად აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ ხელისუფლების და ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდანაც, კრიტიკის ობიექტი აღმოვჩნდით. ეს ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის, საზოგადოების წინაშე პასაუხისმგებლობის ხარისხის ამაღლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, მას პრემიერ-მინისტრისადმი რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა.

"პირველი, შევთავაზე საზოგადოებრივი დარბაზის შექმნა, რომელიც სამართალდამცველ სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის მიმდინარე გარკვეულ ძალისხმევას მონიტორინგს გაუწევს. მეორე იყო საქართველოში ქართული მსხვილი ბიზნესის მიერ ინვესტფონდის ფორმირება, რომელიც ქართული სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის თანადაფინანსებას მოახდენს, მათ შორის, განათლების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.