ვაჟა ბერიძე:  ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება ძნელია

ვაჟა ბერიძე: ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება ძნელია

ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილთან გამართული დღევანდელი შეხვედრის ფორმატი ნოვატორული იყო.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ყურადღებით ეკიდება ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს და მათგან დასაბუთებას მოითხოვს ამა თუ იმ ფორმულირებისა.

რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, ბერიძის აზრით, ამა თუ იმ ექსპერტის მიერ სხვადასხვა მედია საშუალებებთან დაფიქსირებული პოზიცია დასაბუთებული იყო.

"მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ყურადღებით ეკიდება სპეციალისტების და ანალიტიკოსების მოსაზრებას და მოითხოვს დასაბუთებას ამა თუ იმ ფორმულირებისა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის შენიშვნები, რომელიც ბატონმა პრემიერმა ექსპერტებთან მიმართებაში გამოთქვა მათ მიერ სატელევიზიო, თუ საგაზეთო ინტერვიუებში დაფიქსირებული მოსაზრების გამო, ექსპერტების მხრიდან დასაბუთებული იყო. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უდავოდ განსაკუთრებული მოღვაწეა, აქვს თავისი სპეციფიური ხედვა. მათ შორის პოლიტიკაში საკუთარი ყოფნის საკითხზე. სწორედ ამიტომ, მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს. თუმცა ვფიქრობ, ჩვენს შორის გულახდილი და პირუთვნელი სჯა-ბაასი შედგა", - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, შეძლეს თუ არა ექსპერტებმა საბოლოო ჯამში საკუთარი მოსაზრებების სისწორეში პრემიერ-მინისტრის დარწმუნება, მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება ძნელია. "ძალიან ძნელია ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება. ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი მოსაზრებები მან გაიზიარა, გარკვეული თვალსაზრისით ის დარჩა თავის აზრზე და ეს ბუნებრივია, რადგან ისაა ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და ფართო მასშტაბის მოღვაწე. მას ხშირად სპეციფიური და თავისებური ხედვა აქვს მთელ რიგ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

ამასთან, ბერიძის განცხადებით, მხოლოდ შეხვედრის ბოლოს გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილთან ექსპერტების შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. "მოხარული ვარ, რადგან ამ დისკუსიის მომსწრე გახდა ფართო საზოგადოება და ვინ იყო მართალი და ვინ არა, ესაა მაყურებლების, მოქალაქეების გადასაწყვეტი", - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.