ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან კამათი მომსვლია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან კამათი მომსვლია

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე, მიუხედავად კრიტიკისა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

როგორც არეშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბიძინა ივანიშვილთან არაერთხელ უკამათია და ეს არ ნიშნავს, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

"კრიტიკა იყო. რა საკვირველია, ზოგიერთი რამ შესაძლოა საზოგადოებისთვის უცხოც გახლდათ და შეიძლება მეც არ გამიხარდა ეს ამბავი, მაგრამ ვფიქრობ, მე ჩემი აზრი მაქვს და მას თავისი. მიუხედავად ამისა, ერთ რამეში შეიძლება დაეთანხმო ამ ადამიანს - რადგან ბიზნესიდანაა მოსული, ის ყოველთვის ითხოვს სიზუსტეს, თუმცა ზოგ შემთხვევაში არის თემები, რომლის სიზუსტეზეც საზოგადოების განწყობა მიანიშნებს და ფაქტების დასახელება ჭირს. ამის გამო მოგვივიდა კამათი, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილთან კამათი მომსვლია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი", - განუცხადა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო, თუმცა ფიქრობს, რომ შეხვედრის ფორმატი გასაანალიზებელია. "პრინციპში საინტერესო საუბარი იყო. კიდევ გასაანალიზებელია ეს შეხვედრა, რადგან ჯერ კიდევ ემოციური მუხტი არსებობს და ყველაფერს ვერ ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, სასარგებლო საქმისთვის კი კრიტიკასაც აიტან კაცი. მაინც ვთვლი, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იყო და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გასაანალიზებელია", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იმას, რომ მას კრიტიკული აზრის მოსმენა არ უყვარს, არეშიძის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს უყვარს ყველაფერი იყოს დეტალიზებული. "მას უყვარს, რომ ყველაფერი იყოს დეტალიზებული. ასეთია ამ ადამიანის ბუნება. მე მიმაჩნია, რომ ცოტა სხვანაირი ფორმატიც შესაძლოა არსებობდეს", - დასძინა არეშიძემ.