ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პარტიის სათავო ოფისში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო მონიტორინგის პროცესში, ისინი აპირებენ მოამზადონ შუალედური დასკვნა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებს კიდევ ბევრი უცხოელი ექსპერტი დააკვირდება.

"მე მათ ავუხსენი, რომ მიუხედავად იმისა, ტერორი გარკვეულწილად მოხსნილია, რჩება სერიოზული პრობლემები არჩევნების თავისუფლებასთან დაკავშირებით. თუნდაც ის ფაქტი, რომ განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან, მე არ მაქვს უფასო საეთერო დრო ჩემი პროგრამის ძირითადი გზავნილების გასახმოვანებლად. ეს იწვევს გაოცებას ჩვენს უცხოელ კოლეგებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებში და ითქვა, რომ თუ ეს არ გამოსწორდა აუცილებლად აღინიშნება შუალედურ დასკვნაში. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ეს უსამართლობა გამოსწორდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა "დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერის კანდიდატურის დასახელებას, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" მომავალში ყველა დონის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ღირსეულ შედეგსაც დადებს.