ამერიკის ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ამერიკის ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გამართულ მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გინსბურგის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

როგორც ამერიკის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბრის თემა იყო საქართველოში კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

"საუბრისას შევეხეთ კანონის უზენაესობის საკითხებს. იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო დგამს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. რა საკვირველია, ჩვენ აღვნიშნეთ და გვესმის, რომ ეს პროგრესი შეუძლებელია ერთ დღეში იყოს მიღწეული, მაგრამ ჩვენ ვისაუბრეთ იმ სტაბილურ წინსვლაზე, რომელსაც ვხედავთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

გიორგი პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში თანამშრომლობს ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციებთან.

"ბატონ რიჩარდს პირველად არ ვხვდებით. ამჟამადაც შეხვედრა გვქონდა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა ამერიკის სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათ შორის, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთვრობო ორგანიზაციებთან, ასევე, ამერიკის უნივერსიტეტებთან", - აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

შეხვედრის შემდეგ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა დაათვალიერეს.