გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დუშეთში

გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დუშეთში

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ფასანაურის შემდეგ მშობლიური დუშეთის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი შეკრებილ საზოგადოებასთან ფეხით მივიდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ლუდის ხარშვის თეატრალიზებული ცერემონია დაახვედრა, კოალიციის კანდიდატმა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად ადგილზე მოხარშული ლუდიც დააგემოვნა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის მოღვაწეები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და ელგუჯა ბურდული, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ელგუჯა ბურდულმა პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორც ადგილობრივ მკვიდრს მოსახლეობის სახელით დუშეთის გერბი გადასცა.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დუშეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა რომ მათი აქტიურობა ერთგვარი პიროვნული ტესტია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, რაც დღევანდელი შეხვედრით წარმატებით იქნა ჩაბარებული.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხვალ შეხვედრებს ახმეტასა და დედოფლისწყაროში გამართავს.