ბიძინა ივანიშვილი:  ჩემი ზედმეტი ყოფნა გამოფხიზლებულ ხალხს მოადუნებს

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ზედმეტი ყოფნა გამოფხიზლებულ ხალხს მოადუნებს

ვერ დაგეთანხმებით, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" აუცილებლად დაიშლება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე. 

მისი თქმით, თუ ვინმე კოალიციის დატოვებას გადაწყვეტს, პოლიტიკურად თვითონ დაზარალდება. ივანიშვილის განცხადებით, ის აბსოლუტურად კარგად ხედავს და გრძნობს სიტუაციას.

"ასეთი შეიძლება იყოს რამდენიმე კაცი. რატომ არ წავლენ? ელემენტარული მიზეზით - სად უნდა წავიდნენ? ვისთან უნდა წავიდნენ. არსადაც არ წავლენ, გარწმუნებთ და კოალიცია იქნება უფრო შეკრული, უფრო მყარი. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იქნება მთავრობასთან. ჩემი გაცილით მეტი კონსოლიდაცია იქნება. მთავრობა იქნება უფრო ეფექტური, მომავალი პრემიერი იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე მე ვარ დღეს, იმიტომ, რომ მე მოდებული ვარ ძალიან ბევრ სფეროს. უფრო შეკრული გახდება მთავრობა, იგივე დაემართება პარლამენტსაც. რამდენიმე კაცი შეიძლება გადახტეს და ნახავს, რასაც მიიღებს ამ გადახტომით. ვერაფერსაც ვერ მიიღებს. არ ჩანს პერსპექტივა, სად უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ. შესაბამისად, არც არაფერი მოხდება",-განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ კოალიცია შემდეგ არჩევნებამდე მივა და ერთი პარტიაც რომ გამოეყოს, არავითარი ქაოსი არ იქნება. "მორჩა, რომ ტელეყუთებიდან გადატრიალება მოახდინონ. საზოგადოება არის მობილიზებული",-აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერი აცხადებს, იმ გაჭირვებამ, რაც ქვეყანამ გადაიტანა, ხალხი გამოაფხიზლა და მისი პრემიერად "ზედმეტი ყოფნა" გამოფხიზლებულ ხალხს მოადუნებს.

"ის გაჭირვება, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ამან გამოგვაფხიზლა და გვასწავლა, რომ საკუთარმა ხელისუფლებამ შეიძლება საშინლად დააზარალოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი. ეს მუხტი დღეს არსებობს. ჩემი დარჩენით ამ მუხტის ჩაქრობა და დაკნინება წავა. მოვიდა და აცადეთო. არავის არ უნდა ვაცადოთ, ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ",-განაცხადა ივანიშვილმა.