"პოლიტიკაში ვრჩები და ბუნებრივია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მქონდეს"

ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. 

"მგონი დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტს და მომდევნო პოლიტიკურ კონტურებს გამოაჩენს. გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება – მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანამდებობას, რაც ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილში გაკვირვებას, ნაწილში გულისწყრომას, ნაწილში სიხარულს იწვევს, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში გადაჯგუფება მოსალოდნელი იქნება მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. ამიტომ, რაიმე კონკრეტულ კონფიგურაციაზე საუბარი ჯერ არასერიოზულია. სერიოზიული შეიძლება, იყოს ის, რომ მომდევნო 7 თუ 8 თვე ადგილობრივ არჩევნებამდე ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება. სულ მცირე, შეიძლება, მივიღოთ სიტუაცია, რომ არავინ არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღოს და პატრონი არ ჰყავდეს ქვეყანას. ამ ვითარებაში, მე ჩემ უპირველეს ამოცანად ვთვლი, რომ ყველა მუნიციპალური სერვისი და ყველა ის საქმე, რაც დაწყებულია და მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, შეუფერხებლად განხორციელდეს. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება არჩევნებს, მე ამის უფლება მაქვს, რადგან აქ შეზღუდვა არ არსებობს. მე პოლიტიკაში ვაგრძელებ საქმიანობას და ბუნებრივია, რომ ეს სურვილი მქონდეს. დანარჩენ კონკრეტიკაზე ადრეა საუბარი", - განაცხადა გიგი უგულავამ.