გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობის მიერ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მიწვევას წინასაარჩევნო სპეკულაციად მიიჩნევს

გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობის მიერ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მიწვევას წინასაარჩევნო სპეკულაციად მიიჩნევს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში მიწვევა წინასაარჩევნო სპეკულაციური ხასიათისაა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, იგი მზად არის, რეგლამენტის გათვალისწინებით, მოვალეობა შეასრულოს.

"რაც არის გათვალისწინებული რეგლამენტით, მე მზად ვარ, თუმცა ეს არ უნდა იყოს წინასაარჩევნო სპეკულაციური ხასიათის დებატები. მე მგონია, ამის ელფერი აქვს ამ მოწვევას. თუმცა, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკაში ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებითაც კი რეალური ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 2 %-ის ფარგლებში. "ის, რომ ეკონომიკა არ გაიზარდა დაგეგმილი მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი. ამ მიზეზებში დიდი შემადგენელი იყო სწორედ ის უარყოფითი პიარი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აბსოლუტურად დაუმსახურებლად და არაობიექტურად ეწეოდნენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფიაც. როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, მან უმცირესობას 16 სექტემბერს შეხვედრა შესთავაზა. "სამწუხაროდ, მათ ამ დღეს არ ეცალათ და შემომთავაზეს, რომ ცოტა მოგვიანებით მივიდე. მზად ვარ მივიდე", - განაცხადა შალვა ფიფიამ.