სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც სერგი კაპანაძის შეკითხვას უპასუხა. სერგი კაპანაძეს აინტერესებდა, რამდენად მოდის თანხვედრაში ინვესტიციების მოზიდვასთან უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გუშინ მას ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

"რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ უახლოეს დროში ნახავთ. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე გაცემა. რაც მეტი იქნება შეზღუდვა ეკონომიკაში და მორატორიუმები, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მაგრამ, სახელმწიფოა, მას სვადასხვა ტიპის დაცვა სჭირდება და ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო",-აღნიშნა პრემიერმა.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო და აღნიშნულ პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.