ელენე ხოშტარია:  ის სტილი, რა სტილითაც პრემიერი ექსპერტებს ესაუბრება, ძალიან მცდარია

ელენე ხოშტარია: ის სტილი, რა სტილითაც პრემიერი ექსპერტებს ესაუბრება, ძალიან მცდარია

ის სტილი, რა სტილითაც პრემიერი ექსპერტებს ესაუბრება, ძალიან მცდარია, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა. მისი თქმით, პრემიერს მიაჩნია, რომ მას შეუძლია ექსპერტებს ასწავლოს ან სტილი ან შინაარსი თუ როგორ უნდა ილაპარაკონ, რაც ნამდვილად მცდარი დამოკიდებულებაა. 

"ყველაზე თვალშისაცემია, რომ ის სტილი, რა სტილითაც პრემიერი ესაუბრება ექსპერტებს, არის საყვედურების სტილი; ეს სტილი არის ძალიან მცდარი, არასწორი და მეტყველებს გარკვეულ მიუღებლობაზე განსხვავებული აზრის. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია, რომ ექსპერტები არ უთანხმებენ მთავრობას და არ საუბრობენ ისე როგორც მოწონს მთავრობას. არც სტილი, არც შინაარსი არ არის დამოკიდებული რაღაც გემოვნებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესმოდეს პრემიერს, რათა საქართველოში განვითარდეს კონკურენტული, პროფესიონალური სამოქალაქო სექტორი. ამ შენიშვნების გამო, თავისუფალი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი არ გამოდის. ეს არის თავისმართლება-გარჩევის ტიპის შეხვედრა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არის პირდაპირ ეთერში", - აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გაუგებარია თუ რატომ არ იყო საუბარი შეხვედრის დაწყებიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან - დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში.

"ესეც გაუგებარია. დღეს, როდესაც ეს არის ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური პრობლემა, ბუნებრივია უნდა იყოს ეს ასახული ასეთი ტიპის შეხვედრაზე. თავად პრემიერი უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ მოისმინოს ექსპერტების შეფასება კეთდება თუ არა რაიმე არასწორად მთავრობის მხრიდან, რა უნდა გააუმჯობესოს მთავრობამ ან რას შეიძლება ველოდოთ ამ საფრთხეებიდან. სწორედ საზოგადოებასთან საუბარი და კონსოლიდირება პოზიციების არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ხოშტარიამ.

ხოშტარია პრემიერს სიცრუეშიც სდებს ბრალს. მისი თქმით, პრემიერი ტყუის როდესაც ამბობს, რომ ის შეხვედრაზე მიწვეული იყო და არ მივიდა.

"პრემიერმა ისაუბრა, რომ მეც ვიყავი მიწვეული და არ მივედი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არც მიმაჩნია აუცილებლად, რადგან ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძის სახით იქ არის", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.