"ინვესტიციები რეალურად გაიზარდა, სამუშაო ადგილებიც გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში არ შემცირებულა"

ამის შესახებ პრემიერმ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მარტივად არ ხდება. 

"დღეს კერძო საკუთრებაში ვერავინ ჩაერევა. იქ, სადაც კერძო საკუთრება დაუცველია, არავითარი განვითარების სტიმული არაა. ინვესტიციები რეალურად გაიზარდა, სამუშაო ადგილებიც გაიზარდა, ყოველ შემთხვევაში არ შემცირებულა. ის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ქვეყნის შიგნით არსებობდა, იყო უპერსპექტივო. კრიზისი ივლისიდან იყო დაწყებული და ამას ვერც თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უარყოფენ. რისი გამოწურვაც შეიძლებოდა ბიზნესიდან, მათ პრაქტიკულად, გამოწურეს. ბიზნესი დაავადებული იყო. ეს იყო რეალური სიტუაცია. ნახეთ, ჩვენ როგორ ვიქცევით ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით და გაგვაკრიტიკეთ თუ გინდათ, მათთან შედარება კი სირცხვილიც კი არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა ასევე ქვეყნის ეკონომიკურად განვითარებისთვის ახალი ხელისუფლების სტრატეგიაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება სტრატეგიას, ჩვენ ვაფუძნებთ კონკურენტუნარიან ბაზარს. ყველა რეფორმას, ყველა კანონს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებს მივუსადაგებთ. იმ რეფორმებს გავატარებთ, რის საფუძველზეც ევროპამ და ამერიკამ წარმატებებს მიაღწიეს. გადამწყვეტი უნდა იყოს ის, რომ კერძო საკუთრება იყოს ხელშეუხებელი. აჭარაში გაიხსნა ჰესი. გამოვიდა სააკაშვილი და მესამედ გახსნა. ე.ი. ორჯერ თავად გაუხსნია. მართლაც სამი წელი მუშაობდა "ქლინ ენერჯი", ნორვეგიული კომპანია, მათ ძალიან კარგი პროექტი გააკეთეს, რაც ინვესტიციების მოზიდვის საფუძველია. "ტატა გრუპი" არ შემოვიდოდა ამ ქვეყანაში, ჩევნ რომ არ მოვსულიყავით. ამ კომპანიის ინვესტიცია საქართველოში უპრეცედენტოა", - აღნიშნა ივანიშვილმა.