დვანში მცხოვრები სამი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

დვანში მცხოვრები სამი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

დღეს დილიდან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ, სოფელ დვანის განაპირას რუსი სამხედროები კვლავ გამოჩნდნენ და ე.წ. სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები განაგრძეს, თუმცა უამინდობის გამო სამუშაოების შეჩერება რამდენჯერმე მოუხდათ. 

რაც შეეხება სოფელ დვანში არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივების განცხადებით, მათ მეზობელი სოფლიდან, მუგუთიდან შეატყობინეს, რომ საოკუპაციო ზოლი დვანის განაპირას სწორედ იმ ტერიტორიაზე გაივლის, სადაც სამი საცხოვრებელი სახლი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცევა. ამ სახლების მეპატრონეები მეკარიშვილი, კორაშვილი და მახაჭაშვილია.
სამივე ოჯახის წარმომადგენლები დღეს დილიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლებს შლიან, გააქვთ ლითონის კონსტრუქციები, ასევე - სხვა მასალები. მათ მეზობლები და თანასოფლელები ეხმარებიან. აღნიშნული ოჯახები ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ და ეს საცხოვრებელი სახლები მაშინ რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გადაწვეს, თუმცა, მოგვიანებით მეკარიშვილებმაც, კორაშვილებმაც და მახაჭაშვილებმაც გადამწვარი საცხოვრებელი სახლები აღადგინეს და კვლავ აღნიშნულ სახლებს დაუბრუნდნენ. დღეს კი საკუთარი ხელით უწევთ ამ სახლების დაშლა.

აღნიშნული სახლების მეპატრონეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლების გარდა ხეხილის ბაღები და მათი ვენახებიც მოექცევა ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოჯახებს არანაირი საარსებო პირობები აღარ ექნებათ. კორაშვილები, მახაჭაშვილები და მეკარიშვილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აღნიშნული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას ელოდებიან.