პრემიერმა ექსპერტებს მის მიმართ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოსთხოვა

პრემიერმა ექსპერტებს მის მიმართ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოსთხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებისგან დღევანდელი შეხვედრისას მის მიმართ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოითხოვა. ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტთა ნაწილის ის ციტატებიც წარმოადგინა, რომლებიც მას შეეხება. 

"მამუკა არეშიძე, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია და ჩემთან ყველაზე დიდხანს მუშაობდა, ამბობს – დღეს მმართველი ძალის და "ნაციონალების" სიმბიოზია ანუ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვიყოფთ ჩვენ ქონებას. ის ამბობს, რომ წართმეული ქონების დაბრუნება არ ხდება, რადგან გარემოცვა უმალავს ინფორმაციას პრემიერს. მამუკა ორნაირად გამოთქვამს – ან მიმალავენ ან ჩემი ცხოვრების წესით ვერ ვახდენ ინფორმაციის მიღებას. უნდა დაასაბუთოს ერთი რა ინფორმაცია აქვს მხედველობაში. ასევე მამუკა ამბობს, რომ ჩემი წასვლით "ნაციონალები" დაბრუნდებიან. მე იოტისოდენათიც არ მჯერა, რომ ჩემი წასვლით "ნაციონალები" დაბრუნდებიან. "ივანიშვილი თავს არიდებს თავის წასვლით ქვეყნის გამოკვეთილ ორიენტაციას" - ესეც უნდა მითხრათ, რას ვარიდებ და როგორ ვარიდებ. ასევე ამბობთ, რომ "ქვეყანაში არ ჩანს სტრატეგიული გათვლა" და ასევე "პრემიერი არის არა ინფორმირებული, ქვეყანაში ქაოსია". ექსპერტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ერთი ან ორი პროგნოზის ვერ გამოცნობით საზოგადოებაში ნდობას კარგავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერი აცხადებს, ვაჟა ბერიძე ამბობს და ასკვნის, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს. "სხვებზეც ვისაუბრებ. ვაჟა ბერიძე ჩემთან მუშაობდა და ის ასკვნის, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი გადადის სამოქალაქო სექტორში. მე გადავდივარ საზოგადოებაში და ამ სამოქალაქო სექტორს ჭირდება ზუსტად ჩამოყალიბება და შექმნა. თქვენ ამბობთ, რომ კოალიცია დაშლილია; ივანიშვილის წასვლით პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმაცია ეჭვქეშ დგება და ამბობთ იმასაც, რომ ივანიშვილი დასავლეთმა არ მიიღო, ასევე ამბობთ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია და ივანიშვილი თავის მემკვიდრედ მის ნათესავს, მამაცაშვილს ტოვებსო. ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" უნიათობაა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასე გაჭიანურდა. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერა კლებულობს და მან ეს უნდა დამიმტკიცოს. მისივე თქმით, პრემიერისთვის პრინციპული არ იქნება თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. რატომ გამყავს საკუთარი კანდიდატი მაშინ თუ მისი გამარჯვება ან დამარცხება ჩემთვის პრინციპული არ იქნება? გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი შესაძლოა გადაიქცეს ინსტრუმენტად ერთი ადამიანის ხელში. მე იქ არაფრის დაფინანსებას არ ვაპირებ, შეიძლება 6-7 დავასაქმო. სოსო ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ თუ მეორე ტური არ ჩატარდა საქართველოში, დემოკრატია არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე კი მან დაასწრო ყველაფერს და მატრიალა, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები და ა.შ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მამუკა არეშიძემ მის რამდენიმე განცხადებასთან დაკავშირებით ივანიშვილთან საკუთარი არგუმენტები მოიყვანა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არგუმენტები დამაჯერებელი არ არის. არეშიძემ აღნიშნა, რომ ზოგი რამ არ უთქვამს და ჟურნალისტმა არასწორად დაწერა.

"ექსპერტები ხართ და რაღაცას ამბობთ, რომელიც საფუძველს არის მოკლებული. ექსპერტები ითხოვთ სხვებისგან, რომ იდეალური იყვნენ, მაგრამ ლაპარაკობთ იმას, რაც მოგინდებათ. მხედველობაში მაქვს მამუკა არეშიძე, რომ თურმე ქაოსია, ივანიშვილს ეშინია და გარბის. როგორ შეიძლება ექსპერტმა თქვას, რომ ჩვენ და "ნაცები" ფულს ვიყოფთ. უნდა თქვათ კონკრეტული გვარი", - აღნიშნა ივანიშვილმა.