ბიძინა ივანიშვილი:  დღეს ჩვენ ვაგებთ პასუხს, რატომ დააშავა წინა მთავრობამ

ბიძინა ივანიშვილი: დღეს ჩვენ ვაგებთ პასუხს, რატომ დააშავა წინა მთავრობამ

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მეტი გამჭვირვალობა გვინდა, მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების წინაშე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ერთია ის, რომ "ვნახეთ და ვიცით", მაგრამ მეორეა - უნდა გვქონდეს მტკიცებულებები პროკურატურის და სასამართლოს დონეზე, რაც დროს ითხოვს.

"ამას ადევნებენ თვალყურს და ძალიან ბევრს ითხოვენ ჩვენგან. ისევ არ გავბრაზდეთ ევროპელებზე ან ამერიკელებზე, ისინი ითხოვენ იმიტომ, რომ ისევ ჩვენი უნიათობით, იმ ნაძარცვით, რომელსაც ჩვენგან წინა მთავრობა იღებდა, ახერხებდა კარგი ლობისტების დაქირავებას, მედიაშიც ჰქონდათ დიდი სახსრები გადახდილი და აპიარებდნენ საზღვარგარეთ, რომ ისინი იყვნენ დემოკრატები", - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მთელმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა ხელისუფლების გაკონტროლება და მისცა იმის საშუალება, რომ მათ თავიანთი ქმედებები "გარეთ დემოკრატიად გააფორმეს".

"გუშინ შევხვდი "ევროპის სახალხო პარტიის" წევრებს. ვეუბნებოდი, რა ხდება, დანაშაული მათ ჩაიდინეს და ლამის მე უნდა ვაგო პასუხი მაგათ ნაცვლად. მე უნდა ვაგო მათზე პასუხი. მაგრამ მესმის "ევროპის სახალხო პარტიის", რომელიც ჩემი თხოვნით გამოგზავნა პოლონეთის პრემიერმა. მე მაშინ ვუთხარი ხანგრძლივად დარჩნენ და მიაქციონ პროცესებს ყურადღება-თქო. ისინი მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდნენ და ამით არაფერი არ გამოვიდა. თუმცა, მე ისევ დაჟინებით ვთხოვე გამოგზავნონ დამკვირვებლები. კეთილი ინებეთ დააკვირდით პროცესებს და ჩვენ ნუ გვაგებინებთ პასუხს იმაზე, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული. ისე მიდის პროცესები, რომ დღეს ჩვენ ვაგებთ პასუხს, რატომ დააშავეს მათ. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ თავის დროზე შესატყვისი კონტროლი არ გავწიეთ", - განაცხადა ივანიშვილმა.