პრემიერის ბიზნესცენტრთან კერძო იპოთეკით დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა დახია

პრემიერის ბიზნესცენტრთან კერძო იპოთეკით დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა დახია

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე კერძო იპოთეკით დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოქალაქე ირინა მღვდელაძემ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა დახია. 

როგორც მღვდელაძემ აქციაზე განაცხადა, ამ ჟესტით ის საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. მისივე განმარტებით, ანალოგიურად მოიქცევიან კერძო იპოთეკით დაზარალებული სხვა პირებიც, თუკი ხელისუფლება მათი პრობლემის გადაჭრაზე არ იფიქრებს.

"მე აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან მთავრობას საკუთარი მოქალაქეებისთვის და მათი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორც ჩანს, დრო არ რჩება. პროტესტის ნიშნად მე ვხევ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობას", - აღნიშნა ირინა მღვდელაძემ.

აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს მათთან შეხვედრისკენ მოუწოდებენ.