ბიძინა ივანიშვილი:  პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ

ბიძინა ივანიშვილი: პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ

პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტოლოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ექსპერტების ნაწილს ბევრი საქმის ძალიან სწრაფად გამოძიება სურს, რასაც პროფესიონალი კადრები სჭირდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროკურორების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, რადგან იქ კადრების არჩევის ნაკლები საშუალება იყო.

"თუმცა, როტაციის პროცესი იქაც მიმდინარეობს. ის, რომ თქვენ გინდათ, რაც შეიძლება სწრაფად ბევრი გამოიძიოთ, მეტი ხალხიც დავიჭიროთ, ამას პროფესიონალი გამომძიებლები სჭირდება. პროკურორებსაც სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა. საიდან მოვიყვანოთ ახალი პროკურორების ამხელა მასა. ეს პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ იღებდა ქრთამს და არ ჰქონდათ ფული. როდესაც კანონს არღვევ, პასუხი უნდა აგო, მაგრამ, საზოგადოების მსგავსად, პროკურატურის ბევრი თანამშრომელი იყო საკუთარ ხალხზე მოძალადეთა იდეოლოგიის მსხვერპლი. ის რამდენიმე კაცი, ვინც პირადად მონაწილეობდა ძალადობასა და სისტემურ დანაშაულში, დაისჯება", - აღნიშნა ივანიშვილმა.