საოცრება მოხდა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც

საოცრება მოხდა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც

პოლიცია გვყავს თითქმის კარგი, თუ ძალიან კარგი არა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საოცრება მოახდინა მინისტრმაც და საოცრება მოხდა პოლიციაშიც.

"პოლიციასთან პრეტენციები, რომ გაქვთ, თუ შეადარებთ გერმანულს, ან სხვას, იქნება სხვაობა. ისევ გახსენებთ, რეალობიდან გამოდით. საოცრება მოხდა პოლიციაშიც, პროკურატურაშიც და სასამართლოშიც თუ გნებავთ ამ 10 თვის განმავლობაში, რაც მოხერხდა. თქვენ გინდათ, რომის პაპზე დიდი კათოლიკები გახდეთ უეცრად და პოლიცია იყოს საუკეთესო, რაც გაგიგიათ, თეორიულადაც კი. იდეალური პოლიცა ევროპაშიც არ არსებობს. იქაც კითხვებია", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის პოლიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა და არ იცავდა, რომლიდანაც ზონდერ ბრიგადები ყალიბდებოდა, დღეს აბსოლუტურად კულტურულად ახორციელებს თავის კანონიერ უფლებებს და ქართველი ხალხის სამსახურში ჩადგა.

"შემცირდა კრიმინალი, მიუხედავად იმისა, რომ ამას გვამადლიდნენ, ნახეთ, საქართველო რა უსაფრთხო ქვეყანააო. გახსოვთ ერთი პერიოდი მანქანების მინები, რომ დაამტვრიეს და გასაგებია ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ აი, მოგენატრათ ის პოლიცია. ნახეთ სტატისტიკა. იმ პოლიციიდან, რომელიც ტოტალურად ძალადობდა საკუთარ ხალხზე, ძალიან მაგარი პოლიცია მივიღეთ. გასაგებია, რომ უკეთესი გვინდა. რეალობიდან სასწაული მოვახდინეთ ამ დროის განმავლობაში", - დასძინა ივანიშვილმა.