ბიძინა ივანიშვილი:  სამართლიანობის აღდგენის დიდი ნაწილი შესრულებულია

ბიძინა ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის დიდი ნაწილი შესრულებულია

სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება, დიდი ნაწილი შესრულებულია, დანარჩენი პროცესშია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. ამით პრემიერი კახი კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც, სამართლიანობის აღდგენის დანაპირები არ სრულდება. 

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ის რაც ადამიანებს 9 წლის განმავლობაში წაართვეს, არავის არაფერი არ დაბრუნებია, ხოლო პარლამენტის უმრავლესობის მიერ აღიარებული 200 პოლიტპატიმრიდან არც ერთი არ არის რეაბილიტირებული.

ამის საპასუხოდ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის საკითხი მუდმივად ისმის.

"დღეს, ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეოებს, ძირითად თემატიკად და ლოზუნგად ეს აქვს, რომ სამართლიანობა არ აღდგა და ჩვენ ამის დაპირებებს ვიძლეოდით. ვიმეორებ, რომ ვიძლეოდით ამის დაპირებას. მოდით, რეალობიდან ამოვიდეთ. სამართლიანობის აღდგენა იყო ერთ- ერთი ძირითადი დანაპირები და დღესაც პასუხისმგებლობით ვექცევით. პირველია ის, რომ ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ პოლიცია და პროკურატურა ვეღარ მძლავრობს და ვეღარ ძალადობს მოქალაქეებზე. ადამიანის უფლებები იყო ტოტალურად დარღვეული. ნებისმიერი ადამიანის დასჯა შეეძლოთ უკანონოდ და ვერავინ აღუდგებოდა მათ წინ. ის შიში, რომ ნებისმიერი შეუძლიათ დაარბიონ, წაართვან, დასრულებულია", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაზე რთულია ქონების საკითხი. მისი თქმით, ეს არის ყველაზე მასიური საქმე, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში, 9700 შემთხვევა არის მხოლოდ ე.წ. "ჩუქება", როდესაც მოქალაქემ ქონება ხელმოწერით, იძულებით აჩუქა სახელმწიფოს.

"სრული რიცხვი არ აქვს პროკურატურას. თუმცა 9700 მარტო "ჩუქებაა", ათიათასობით საპროცესო და სხვა ფორმებით წართმებული ქონებაა. საერთო თანხა 6-7 მილიარდი ლარია და 80%-ის შემთხვევაში ამ პროცესების თანამონაწილე სახელმწიფოა. ეს არის ყველაზე რთული პრობლემა სამართლიანობის აღდგენის. ჩვენ ვართ დილემის წინაშე. გასაგებია, სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, აბსოლუტურად მესმის და ვანცობიერებ, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მხოლოდ ხალხის იმ ნაწილს, ვინც დაზარალებულებულია, არამედ საზოგადოებას. ჩვენ შეიძლება პერსპექტივა დავუკარგოთ მთლიანად საზოგადოების განვითარებას, თუ სახელმწიფო დღეს ამ ვალებს თავის თავზე აიღებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, უამრავი ვარიანტი იხილება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა გამოსავალი დღემდე ვერ მოიძებნა.