"შესაძლოა, საზოგადოებას განვითარებას პერსპექტივა დავუკარგოთ, თუ ქონებაჩამორთმეულთა ვალს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს"

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკურ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით კახა კახიშვილის კითხვას უპასუხა. 

"სამართლიანობის აღდგენა იყო ჩვენი ძირითადი დანაპირები და ამას დღესაც პასუხისმგებლობით ვეკიდები. გავაანალიზოთ, რა გაკეთდება ამ მიმართულებით: შესრულების პროცესი გრძელდება, დიდი ნაწილი შესრულებულია. 1. ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ პოლიცია და პროკურატურა ვეღარ მძლავრობს მოქალაქეებზე და ვეღარ ახერხებს ძალადობას, ამაზე მგონი, შეკითხვები არ აქვთ. თუ გაქვთ მაგალითები, მოიყვანეთ. გახსოვთ, რომ შეეძლოთ, ნებისმიერ მოქალაქეს მისდგომოდნენ და ციხეში გაეშვათ. ეს შიში საზოგადოებაში გაქრა. ადამიანის უფლებები იყო ტოტალურად დარღვეული, ნებისმიერი ადამიანის დასჯა შეეძლოთ უკანონოდ და ვერავინ აღუდგებოდა წინ. პოლიციაც, პროკურატურაც ამის მექანიზმად იყო გამოყენებული. ჩვენი მოსვლის შემდეგ ეს პროცესი დასრულებულია. ამ შიშის განცდა ჩვენი მოსვლის შემდეგ მოქალაქეებში აღარ არსებობს. 2. რაც შეეხება იმას, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ, ვინც არღვევდა კანონს, ძირითადი აქ არის წართმეულ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. 9700 არის მხოლოდ ქონების "ჩუქება", როდესაც მოქალაქემ სახელმწიფოს "აჩუქა" თავისი ქონება. ათასობით და ათიათასობით არის სხვა ტიპის შემთხვევები, როდესაც წაართვეს საკუთრება, გამოყარეს ყოველგვარი ჩუქების გარეშე. საერთო ჯამში, 40 ათასზე მეტია, როგორ ვიცი. საერთო თანხა, 6-7 მილიარდი ლარია და უმეტეს შემთხვევებში, სახელმწიფოა გამტარი. ეს არის სამართლიანობის აღდგენის ყველაზე რთული პრობლემა. წინა ხელისუფლება ართმევდა ქონებას და ამას ნაწილობრივ, სახელმწიფოს ახმარდა, ნაწილი სხვა პროცესებში მიდიოდა. როგორ ახმარდა სახელმწიფოს, ეს საკითხავია - ახმარდა არაეფექტურად, მშენებლობებში ხშირად იყენებდა, აშენებინებდა, არემონტებინებდა ძალით. საერთო ჯამში, სახელმწიფოს სწორი დაბანდება მაინც რომ მოეხდინა და სწორად განეკარგა ეს თანხა, ამ პრობლემების ნახევარიც არ გვექნებოდა. სწორად რომ განეკარგა, ეს თანხა ამოსაღები და დასაბრუნებელი მაინც გვექნებოდა. 90% ძალიან ცუდადაა გამოყენებული და ამ წართმეულ ქონებას ახალი ღირებულება არ შეუქმნია. ჩვენ ვართ დილემის წინაშე: გასაგებია, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს, აღადგინოს სამართლიანობა, მაგრამ სახელმწიფო ეკუთვნის არა მხოლოდ დაზარალებულ ხალხს, არამედ მთლიანად მოქალაქეებს. შეიძლება, ამით მთლიანად საზოგადოების განვითარებას პერსპექტივა დავუკარგოით, თუ ამ ვალს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ნებისმიერი ფორმით. ათასი ვარიანტი განვიხილეთ და ვერ ვნახეთ გამოსავალი დღემდე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.