"ახალი ხელისუფლების მთავარი შეუსრულებელი დაპირება სამართლიანობის აღდგენაა"

ამის შესახებ ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში კახი კახიშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ძირითადი თემაა სამართლიანობის აღდგენა. თქვენი მთავრობის წევრებს არგუმენტებად კი მოჰყავთ ის, რომ თითქოს მთელი საქართველოს მოსახლეობა პირსისხლიანია და ვიღაცეების ციხეებში ნახვაა სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ალბათ, სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ იმაზე, რაც წაართვეს 9 წლის განმავლობაში ადამიანებს და უსაფუძვლოდ ამყოფეს საპატიმრო დაწესებულებებში, რაზეც პასუხი არავის აქვს", - განაცხადა კახიშვილმა.

მან ასევე პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტპატიმრების რეაბილიტაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

"პარლამენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში 200 პოლიტპატიმარი იყო და არცერთი მათგანი რეაბილიტირებული არაა და სააკაშვილს რომ არ გახსენდებოდა, ისიც თავისი პიარისთვის, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს საშუალებაც არ ეძლევათ რომ სამსახურები დაიწყონ, კომპენსაციებზე საუბარი ზედმეტია", - აღნიშნა კახიშვილმა.

გარდა ამისა, ექსპერტმა ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლების ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

"9 წლის მანძილზე ის გუნდი, რომელიც თქვენთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიან სერიოზულად აკრიტიკებდა თუნდაც პროკურატურას, სასამართლოს, რომელსაც ასევე შერჩა 9 წლის განმავლობაში მიღებული ყელა დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს ადამიანები დღესაც ტელეეკრანებიდან დემოკრატიაზე გვესაუბრებიან და ფაქტობრივად ხდება მათი გათეთრება", - განაცხადა კახიშვილმა.