ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვედრის შესახებ ინფორმაციაზე ილია ელოშვილმა კომენტარი გააკეთა

ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვედრის შესახებ ინფორმაციაზე ილია ელოშვილმა კომენტარი გააკეთა

ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთი საოკუპაციო ხაზის მიღმა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ რუსი ოკუპანტები სოფელ ყარაფილადან ერთი კილომეტრით გადმოიწევენ. 

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

"ბაქო-სუფსას მილსადენი გადის ერთი კილომეტრის დაშორებით სოფელ ყარაფილიდან. შესაბამისად, გარდა სოფლისა, მათ კიდევ ერთი კილომეტრით წინ უნდა წამოიწიონ, რათა ამ მილსადენის გარკვეული მონაკვეთი მოექცეს მათ განკარგულებაში. თეორიული დაშვების შემთხვევაში, მილსადენის მაქსიმუმ კილომეტრიანი მონაკვეთი მოექცევა მათ ე.წ. საზღვრებს შიგნით. ბაქო-სუფსის ოპერირებას არანაირი პრობლემა არ ექნება, რადგან ეს არის მიწისქვეშა მილსადენი. ერთადერთი განსხვავება ამ მონაკვეთის სხვა ასობით კილომეტრი მილსადენისგან იქნება ის, რომ BP-ს შემომვლელები ვერ შეძლებენ შემოვლას", - აღნიშნა ელოშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. რუსული გეგმის მიხედვით, ე.წ. საზღვარი სოფელ ყარიფალაზე გადაიკვეთება და საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცევა.