სამეგრელოში წამების ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ აღძრული საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება

სამეგრელოში წამების ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ აღძრული საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება

სამეგრელოს საიდუმლო სამალავებიდან ამოღებული წამების ამსახველი ვიდეოკადრების შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მოხდება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 პირის წინააღმდეგ აღძრული საქმის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაცვის მხარის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად სხდომა დაიხურა.

საქმის პროკურორმა აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ საქმე გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობის ეპიზოდებს მოიცავს და პროცესის ღიაობის შემთხვევაში დაზარალებულთა ვინაობის გასაჯაროებით, მათი უფლებები შეილახება.

გაუპატიურებასა და იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულების და მათი ადვოკატების ნაწილმა პროცესის დახურვის შუამდგომლობა გააპროტესტა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებული - თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოქმედი მოადგილე კობა თოდუა.

"ეს პროცესი იქნება შენი სიბერის სიმწარე და უნდა იყოს ღია!" - ასე მიმართა კობა თოდუამ შუამდგომლობის ავტორ პროკურორს, რის გამოც მან სასამართლოსგან გაფრთხილება მიიღო.
დაცვის მხარის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც დარბაზში მსხდომთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

კობა თოდუას ახლობლები აცხადებენ, რომ თოდუა უდანაშაულოა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნის, სერგო ჩაჩიბაიას ანგარიშსწორების ობიექტია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თოდუას მამიდამ, ნანა თოდუამ განუცხადა, კობა თოდუას წინააღმდეგ ჩვენებები პროკურატურაში მიაცემინეს იმ ადამიანებს, ვინც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ადამიანებს უშუალოდ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

"ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ხალხს მაგიდაზე კოჭავდა, არის ბაჩანა ბალოიანი. იგი დაკავებულიც არ არის და პროკურატურას დაჰყავს მოწმედ სახლისა და სამსახურის დაპირების სანაცვლოდ. სერგო ჩაჩიბაიამ თავდაცვის სამინისტროში მისვლისას შეადგინა სია, იმ ადამიანებისა, ვისი მოშორებაც სურდა, სწორედ ამიტომ ხდება კობა თოდუას წინააღმდეგ ბრალდებების შეთითხნა", - განაცხადა ნანა თოდუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულები გაუპატიურებასა და წამებაში, ასევე იარაღის უკანონო ტარებაში 12 პირია ბრალდებული: შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია და რუსლან შამახია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია, ასევე - თემურ უბირია და პაატა ქირია. ბრალდებულები არიან ასევე - ძებნილად მიჩნეულები - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და დავით დარდინავა.

ბრალდებული ცხრა პირი სამეგრელოში საიდუმლო სამალავის აღმოჩენიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურმა დააკავა.

მათ ბრალად ედებათ სამალავში აღმოჩენილ ფირებზე აღბეჭდილი წამება და არაადამიანური მოპყრობა - მათ შორის სქესობრივი ძალადობა.