პატრიარქმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები დალოცა

პატრიარქმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვები დალოცა

ეს ბავშვები ღვთის წინაშე საქართველოსთვის ანთებული სანთლები არიან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს საპატრიაროქში შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას ბრძანა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი - საქართველოს", დღის ცენტრის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვები, მშობლებები და მათი პედაგოგები დღეს პატრიარქმა მიიღო, დალოცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. პატრიარქმა პატარებს საგალობელი "წმინდაო ღმერთო" რამდენჯერმე მოასმენინა და მათ მშობლებს მიმართა, ერთად ეგალობათ. უწმინდესი "წმინდაო ღმერთოს" საგალობელზე თავად გალობდა. პატრიარქმა მშობლებს მიმართა, რომ "წმინდაო ღმერთოს" საგალობელი ბავშვებს ხშირად ასმენინონ.

შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვმა უწმინდესს ლექსიც უთხრა. ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ამ განსაცდელმა ისინი გააძლიერა და სიყვარული ასწავლა. პატრიარქმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვების მშობლები გმირები არიან.

"ეს ბავშვები არიან ღვთის წინაშე ანთებული სანთლები საქართველოსთვის და მე მინდა ზოგიერთს, ვისაც შეუძლია გადავცე ფსკვნილი, რომ ილოცონ", - აღნიშნა უწმინდესმა.

შეხვედრაზე რამდენიმე ბავშვს უწმინდესმა თავად გადასცა ფსკვნილები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" სოციალურმა მუშაკმა ნათია ჯინჭარაძემ განაცხადა, ეს ბავშვები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. მისი თქმით, ბავშვების გადაადგილება ზოგადად ძალიან ჭირს, მათთვის ძალიან მადლიერი და ბედნიერი დღე იყო რომ უწმინდესმა მიიღო და ბავშვებსაც უწმინდესთან სტუმრობა არ გაჭირვებიათ.

შეხვედრას 35 შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვი და მათი მშობლები ესწრებოდენენ. ორგანიზაცია 1998 წლიდან არსებობს და ძირითადად შემოწირულობით არსებობს. დღის ცენტრში, ძირითადად 0-დან 18 წლამდე ბავშვია.