მთავარი მიღწევაა, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება

მთავარი მიღწევაა, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება

საქართველოს ხელისუფლების და ქვეყნის მთავარი მიღწევა არის ის, რომ ნოემბერში, ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა წლიური ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა საქართველოსთვის.

"უკვე რეალურად დაწყებულია მზადება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის. ამ მხრივ საკანონდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს და სამუშაოები განახორციელეს",-განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება არის, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა იქნება ერთი წლის განმავლობაში, ანუ მოქმედი ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ხელისუფლებას აქვს გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები, საკანონდებლო ბაზის ჰარმონიზაციის კუთხით. აღმასრულებელი ხელისუფლება ამ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციას განახორციელებს. ვიდრე ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება, კონკრეტულ თავებზე უკვე დაიწყება მუშაობა",-განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად სამომავლო გეგმებს, მისივე თქმით, სამომავლო გეგმები ბევრია და ასევე ძალიან დატვირთული განრიგია მომავალი წლისთვის.

"შესაბამისად, იყო დღეს მსჯელობა პარლამენტის, მთავრობის გააქტიურებასა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვაზე, რათა საზოგადოების ინფორმირებულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის და მთავრობის კოორდინირებული თანამშრომლობა მიმდინარე წელს იყო ძალიან ეფექტური.