კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის სამიტის მოახლოებას უკავშირდებოდეს

კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის სამიტის მოახლოებას უკავშირდებოდეს

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ საოკუპაციო ზოლზე რუსეთის გააქტიურება ვილნიუსის სამიტის მოახლოებას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ კახა გოგოლაშვილმა დიცში და დვანში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის განახლების კომენტირებისას განაცხადა.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებები გაააქტიურა. მე მგონი, ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ ვილნიუსის სამიტი ახლოვდება, რომელზეც მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა დაფიქსირდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. სომხეთზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად რუსეთმა წარმატებას მიაღწია. საქართველოსთან არ აქვს არანაირი ბერკეტი დარჩენილი მას შემდეგ, რაც აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ის ცდილობს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ შეაფერხოს ეს პროცესი. ეს პრაქტიკულად არის შატნატაჟი საქართველოზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად საქართველომ უარი თქვას ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაზე და ამ პროცესში წინსვლაზე", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან რთულ ვითარებაშია და ძალიან ძნელია კონკრეტული რჩევის ან რეკომენდაციის მიცემა მთავრობისთვის, თუ რა უნდა მოიქმედოს.

"მან რომ დაიწყოს რაღაც მოლაპარაკებები, ან მოლაპარაკებების პროცესში ჩართოს ე.წ. საზღვრის თემა, ამას რუსეთი იმ წუთშივე გამოიყენებს ფარული ლეგალიზაციის თვალსაზრისით. ანუ ის იტყვის, რადგან საქართველო მედავება რაღაც საზღვრის საკითხებზე, აქ მრთავს ნებას და იქ მთხოვს რომ არ გავიყვანო, ეს ნიშნავს იმას, რომ ფარულად ის რაღაც ხაზს მაინც ცნობს. ამიტომ, ძალიან რთულია საქართველოს მთავრობისთვის რუსეთთან პირდაპირი გზით ამ საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან "რაღაცნაირად გარკვეული მოლაპარაკებები" არსებობს, საქართველოს მთავრობას შეუძლია რუსეთს მოუწოდოს თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისაგან.

"მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით რუსეთის პოზიცია, თუ რა მეთოდებს და მიდგომებს იყენებს ამ ქმედებების გასამართლებლად. ამიტომ, აქ კონკრეტული რეკომენდაციის ან რჩევის მიცემა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, ძალიან რთულია", - აღნიშნა გოგოლაშვილმა.