"ჩვენ ხელთ არსებული რესურსი სრულიად ამოქმედებულია"

ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. 

"მთავრობა მუშაობს ორი მიმართულებით. ერთი არის საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება და ამ მიმართულებით ყველაფერი კეთდება. საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს, მუდმივ სამუშაო რეჟიმში არიან ჩვენი წარმომადგენლები საზღვარგარეთ და განსაკუთრებით, ეს ეხება ბრიუსელს, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის შტაბებია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის თხოვნა და პრინციპული პოზიცია, რომ ევროპარლამენტმა საოკუპაციო ზონის გავლებასთან დაკავშირებით რეზოლუცია შეიმუშაოს და რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს - შეწყდეს საოკუპაციო ზოლის გავლება ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს მათ ნორმალურ პირობებში ცხოვრებას.

"ჩვენ თითოეული მოქალაქის გვერდით ვიქნებით, იქ მუდმივად არიან მთავრობის წარმომადგენლები. გუშინ იქ რეგიონული განვითარების მინისტრი იმყოფებოდა. ასეთი შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.