პოლონური მედიის ცნობით, ყაზბეგში პოლონელი ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონური მედიის ცნობით, ყაზბეგში პოლონელი ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს პოლონური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყაზბეგში ერთი პოლონელი ალპინისტი გარდაცვლილი იპოვეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

"ამ ეტაპისთვის ოფიციალურად ვერ დავადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. გარკვეული დეტალებია დასადგენი, რომელიც შესაძლოა, დღესვე გახდეს ცნობილი. შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპაარტამენტის მაშველები ამ წუთებშიც აწარმოებენ სამაშველო ოპერაციას ყაზბეგში", - აცხადებენ შსს-ის პრესსამსახურში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონელი ალპინისტი, რომელიც ყაზბეგის მთებში დაიკარგა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვნეს. პოლონური რადიო RMF FM-ის ცნობით, გარდაცვლილი ალპინისტი ქართველმა მაშველებმა 4 ათასი მეტრი სიმაღლეზე აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ორი პოლონელი ალპინისტი, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდნენ.

სამი პოლონელი ალპინისტი ყაზბეგის მთებში 22 სექტემბერს გაემართა.