ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა , რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლადაა მოვლენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა სტუმრებს ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარება გააცნო. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად თავისუფალია გასულ წელთან შედარებით, სერიოზული პრობლემები რჩება არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. კონკურენტებისაგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს უფასო საეთერო დრო, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ ორი მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლებით, ოპონენტების პარტიული დამკვირვებლები ფინანსდებიან ბიუჯეტიდან და ა.შ.

ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რეგიონებში არსებული ვითარებითა და ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო პროგრამით.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.