მაია ფანჯიკიძემ გაერო-ს გენმდივნის მოადგილესთან საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება განიხილა

მაია ფანჯიკიძემ გაერო-ს გენმდივნის მოადგილესთან საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება განიხილა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით პოლიტიკურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჯეფრი ფელტმანს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მაია ფანჯიკიძემ გენერალური მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის ფაქტებზე.

"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს. ბატონ ფელტმანს დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ. ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბევრი არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ და პირიქით, უფრო ინტენსიური გახდა რუსეთის მხრიდან მავთულხლართების და თხრილების გაყვანის პროცესი. განვიხილეთ ბატონი ფელტმანის შესაძლო ვიზიტი საქართველოში და მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ამ ვიზიტის მომზადება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.