იუსტიციის სახლში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი გაიხსნა

იუსტიციის სახლში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი გაიხსნა

თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრი გაიხსნა. მომსახურების ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს. 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომსახურების ცენტრის იუსტიციის სახლის სივრცეში გადატანის მთავარი მიზანია სერვისის ხარისხის ამაღლება, სწრაფი და კომფორტული მომსახურების გაწევა დაინტერესებულ პირთათვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

"იუსტიციის სახლის ბაზაზე სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოქალაქეთა მომსახურება როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირების, გატანილ იქნას სამინისტროს სივრციდან უფრო კომფორტულ ადგილზე და მაქსიმალურად კვალიფიციურ და კომფორტულ გარემოში მოხდეს მოქალაქეთა მომსახურება და კითხვების გაცემა. ამ ტიპის მომსახურების უკვე შვიდი ცენტრია, რაც მომსახურების ხარისხის ამაღლებას ხელს უწყობს ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ოფისში მისული ადამიანი კვალიფიციურ კონსულტაციებს მიიღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან.

"თითოეული შემთხვევა თუ წინადადება ინდივიდუალურად განიხილება ცენტრის კონსულტანტთან ან მენეჯერთან, დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გააკეთოს განაცხადი ისეთ სერვისებზე, როგორიც არის პრივატიზება, მართვის უფლების გადაცემა, რეალიზაცია და სხვა. აქვე ხდება სასურველი კორესპონდენციის მიღება და გაცემაც. ცენტრი დღეში საშუალოდ 105 დაინტერესებულ პირს ემსახურება და ეს მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება", - აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრში.