დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან

დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან

სოფელ დვანის განაპირა მხარეს ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს, ე.წ. საზღვარს იქით 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სამი სახლი შეიძლება მოექცეს და მესაკუთრეები მეზობლებთან ერთად ცდილობენ, იქედან ყველაფერი გამოიტანონ. ამისთვის ვადა მათ დღის ბოლომდე აქვთ.

"ახლა ხეივანს ჭრიან ეზოში, უნდა გამოზიდონ ყველაფერი, ღობეც უნდა მოხსნან. სამივე სახლის პატრონი ცდილობს, გამოიტანოს ყველაფერი. როგორც ვიცით, დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ",-აცხდებენ დვანელები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ასევე გრძელდება მავთულხლართების მოსაწყობად ბოძების მონტაჟიც.

ამასთან, ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, ე.წ. საზღვარს მეორე მხარეს სოფლის ეკლესია და სკოლაც მოხვდეს.

სოფლის განაპირა მხარეს სახლების დაცლა დვანელებს ოსებმა 23 სექტემბერს მოსთხოვეს და ამისთვის ორი დღის ვადა მისცეს.