ადვოკატები ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ

ადვოკატები ვანო მერაბიშვილისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს არც ერთი გარემოება, რომელზეც პატიმრობის მოთხოვნის დროს პროკურატურა აპელირებდა, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში იმყოფებოდეს. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ არსებობდა მერაბიშვილის მხრიდან მტკიცებულებების გაყალბებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ახლა კი, როგორც ადვოკატი ამბობს, წინასწარი გამოძიება დასრულებულია და ყველა მტკიცებულება წარდგენილია სასამართლოში. შესაბამისად, პატიმრობის მოტივი აღარ არსებობს.

მისი თქმით, წინასასამართლო პროცესი დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობების ეტაპით გაგრძელდება. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის 3 969 მოწმე დაიკითება პროცესების განმავლობაში, ხოლო დაცვის მხარე სასამრთლოში 85 მოწმეს წარადგენს. მათ შორის იქნებიან ის ყოფილი მინისტრები, რომლებიც ე.წ ფიქტიური დასაქმების საქმეზე, მერაბიშვილის სასარგებლო ჩვენებას მისცემენ.