გიგი უგულავა თბილისის მერობისთვის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც იბრძოლებს

გიგი უგულავა თბილისის მერობისთვის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც იბრძოლებს

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერობისთვის 2014 წლის მაისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იბრძოლებს.
როგორც უგულავამ TV-3-ის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, "იგი აპირებს გააგრძელოს ის პროგრამები, რომლებიც თბილსიის მერიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაიწყო და საქართველოსთვის მეტად უჩვეულო, გარდამავალ და უცხო მმართველობის პირობებში აპირებს ყველაფერი გააკეთოს თბილისელების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სიახლეების დანერგვისთვის".

"მე ვაპირებ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ვიყარო კენჭი. შევდივართ მმარტველობის სისტემაში, როდესაც პრეზიდენტი ინსტიტუციურად არის სუსტი, გამარჯვებული ლიდერი, რომელსაც საზოგადოებაში ამ წუთას მაღალი მხარდაჭერა აქვს, მიდის და თუ მას ილუზია აქვს, რომ გარედან მართავს სიტუაციას, ეს ილუზია მას მაქსიმუმ ერთ თვეში გაუქრება. იმიტომ, რომ გარედან ქვეყანა ვერ იმართება და ეს იქნება ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა, საერთოდ მაკდონალდიდან გაგვაგდებენ ასეთ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ დღეს მმართველ ელიტას ამის ილუზია ჰქონდეს. ჩვენ მივიღებთ პრემიერს, რომლის ლეგიტიმურობაც იქნება ძალიან დაბალი, შესაბამისად მივიღებთ უმრავლესობას, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი აერთიანებდა და ეს უმრავლესობა იქნება თვითონვე პრობლემა მთავრობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ მთავრობას, რომელსაც ლეგიტიმურობა არ ექნება და ევროპის ქვეყნებში ტექნიკურ მთავრობას უწოდებდნენ. ასეთი რამ საქართველოში არასოდეს ყოფილა, ასეთი მთავრობა ვერ განახორციელებს რეფორმებს და ექნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბრძოლას თბილისის მერობისთვის აპირებს, უგულავას თქმით, "მსგავსი რამ პირველად ესმის და არ იცის საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია".