მაია ფანჯიკიძე - არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის სტუმარი

მაია ფანჯიკიძე - არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის სტუმარი

არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის და მოსკოვის სტუმარი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მისი თქმით, არჩილ კბილაშვილი იმყოფებოდა კონფერენციაზე და ის ამის შესახებ ინფორმირებული იყო.

"იგი იმყოფებოდა კონფერენციაზე. მე ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი არის დამოუკიდებელი, არის ერთი ხელისუფლება, ერთი გუნდი და რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, სადაც შეიძლება წახვიდე-წამოხვიდე მთავრობის წევრი, რათა ამან არ გამოიწვიოს შეკითხვები. არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის სტუმარი, არ იყო მოსკოვის სტუმარი, ის იყო საერთაშორისო კონფერენციის სტუმარი. საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, რომელიც ტარდება რუსეთში და მას არ გამოუცხადო ბოიკოტი, ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან დადებითი მიმართულებით", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის პოსტ-ფაქტუმ. "რაც შეეხება იმას, რომ პოსტ-ფაქტუმ გახდა ცნობილი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მე მგონია, რომ ეს მანამდეც იყო ცნობილი. ყოველ შემთხვევაში მე ინფორმირებული ვიყავი არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ ისეც", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ დაუდასტურა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურორი რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა და იგი ახლა უკვე საქართველოშია. პაიჭაძის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილი მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო დონის კონფერენციაში, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ესწრებოდა.

"ეს იყო პროკურორების საერთაშორისო დონის კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში. წელს კონფერენცია გაიმართა მოსკოვში. მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ქვეყნის მთავარი პროკურორი ან მათი მოადგილე. მათ შორის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან", - აღნიშნა ხათუნა პაიჭაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, არჩილ კბილაშვილს კოლეგა პროკურორების გარდა მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები არავისთან გაუმართავს